აფხაზთა მუჰაჯირობა
„სამშობლოს დამკარგველი ყველაფერს კარგავს"
(აფხაზური ანდაზა)


თემური თექთუმანიძე, თაია წიკლაური
„სამშობლოს დამკარგველი ყველაფერს კარგავს“ - ეს აფხაზური ანდაზა აქვს წამძღვარებული გამოჩენილი აფხაზი მწერლის ბაგრატ შინქუბას ცნობილ ნაწარმოებს „უკანასკნელი უბიხი“, რომელიც კავკასიის ომების დროს და შემდგომ პერიოდში რუსეთის იმპერიის პოლიტიკის შედეგად აფხაზების, ჩერქეზების, უბიხების და სხვა კავკასიური ეთნოსების ოსმალეთის იმპერიაში იძულებითი ემიგრაციის ტრაგედიას ასახავს და მუჰაჯირობის სახელით არის ცნობილი. „მუჰაჯირი“ არაბული სიტყვაა და გადასახლებულს ნიშნავს.

ბაგრატ შინკუბას ნაწარმოები და მუჰაჯირობის ტრაგედია აფხაზური კოლექტიური მეხსიერების ნაწილია და მნიშვნელოვნად განსაზღვრავს თანამედროვე აფხაზური საზოგადოების მსოფლმხედველობას. აფხაზების აღქმით, მუჰაჯირობა იყო ეროვნული ტრაგედია, რომელმაც აფხაზი ხალხი ფიზიკური განადგურების წინაშე დააყენა. [1] მუჰაჯირობის შემდეგ, უბიხებმა ასიმილაცია განიცადეს და როგორც ეთნოსი გაქრნენ. 1992 წელს გარდაიცვალა თევფიქ ესენჩი (Tevfik Esenç), უკანასკნელი ადამიანი, რომელიც უბიხურ ენაზე საუბრობდა.[2] ნაწარმოები „უკანასკნელი უბიხი“ და უბიხების, როგორც ეთნოსის გაქრობა, აფხაზებისთვის შიშის მთავარ საფუძველს წარმოადგენს, რაც განაპირობებს ნაციონალური პროექტის ჩამოყალიბებას, რომლის მიხედვითაც განადგურების პირას მყოფი მცირე ეთნიკური ჯგუფი, მუდამ გადარჩენისთვის იბრძვის.

მუჰაჯირობის ტრავმა დღემდე აქტუალური და ცოცხალია აფხაზურ საზოგადოებაში. აღნიშნულზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ სოხუმში შავი ზღვის მიმდებარე ტერიტორია „მუჰაჯირების სანაპიროდ“ იწოდება. ამასთან, 2010 წელს მუჰაჯირობის ტრაგედიის აღსანიშნავად დაიდგა ძეგლი, რომელზეც გამოსახულია ცხენზე მჯდომი ადამიანი, რომელიც ზღვაში იძირება და გადარჩენისთვის იბრძვის.

იმისთვის, რომ უკეთ ვიცნობდეთ აფხაზურ საზოგადოებას, აუცილებელია ვიცოდეთ თუ რა მოვლენა იყო მუჰაჯირობა, როგორ მოხდა რუსეთის იმპერიის მიერ ათობით ათასი აფხაზის ოსმალეთის იმპერიაში გადასახლება და რა მნიშვნელობა აქვს მუჰაჯირობის ტრავმას თანამედროვე აფხაზური კოლექტიური აზროვნების ჩამოყალიბებაში. იმ პირობებში, როდესაც აფხაზურ საზოგადოებაში ანტი-ქართული ნარატივი და პროპაგანდა გაბატონებულია, რუსეთის მიერ კავკასიის დაპყრობა და ადამიანთა მასობრივი გადასახლება, არის მოვლენა, რომელიც ყოველთვის შეახსენებს აფხაზ საზოგადოებას აფხაზი ეთნოსის ისტორიაში რუსული იმპერიალიზმის მკვეთრად უარყოფით როლს და დააფიქრებს აფხაზურ საზოგადოებას რუსული ოკუპაციის პირობებში აფხაზური ენისა და კულტურის ასიმილაციის საფრთხეებზე.
მუჰაჯირების ძეგლი - სოხუმი

მუჰაჯირობის ისტორიული კონტექსტი

მუჰაჯირობის პროცესი ანუ აფხაზთა და სხვა კავკასიელთა (ჩერქეზების, უბიხების, ჩეჩნების და სხვ.) სამშობლოდან აყრა და ოსმალეთის იმპერიაში გადასახლება რუსეთის იმპერიის ანექსიური და კოლონიალისტური პოლიტიკის შედეგი იყო. მიუხედავად ამისა, რუსულ საისტორიო წყაროებში ეს პროცესი უბრალოდ გლეხების აჯანყებად არის წარმოდგენილი და რუსი ისტორიკოსები მუჰაჯირობას მუსლიმი მოსახლეობის ოსმალეთში ნებაყოფლობით საცხოვრებლად გადასვლად მოიხსენიებენ.
მასობრივი გადასახლების პირველი ეტაპი 1864 წელს, კავკასიის ომების დასრულებისას დაიწყო, [3] აფხაზთა მუჰაჯირობას კი წინ უძღოდა აფხაზეთის სამთავროს გაუქმება და რუსული მმართველობის დამყარება. აფხაზეთის სამთავროს გაუქმების შემდგომ, რუსეთის იმპერიის მიერ საგლეხო რეფორმის გატარებამ განაპირობა აფხაზთა ლიხნის აჯანყება 1866 წელს, რომლის წარუმატებლობის შემდეგაც, დაახლოებით 20 000-მა აფხაზმა დატოვა სამშობლო, რის შედეგადაც მთლიანად დაიცალა დალისა და წებელდას ხეობები. [4] აფხაზთა მუჰაჯირობის შემდეგი მასშტაბური ეტაპი რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 ომის დასრულებას უკავშირდება, რომელშიც აფხაზები ოსმალეთის იმპერიას უჭერდნენ მხარს. ამ პერიოდში აფხაზეთის ტერიტორია 30 000-მდე აფხაზმა დატოვა და აფხაზეთის ცენტრალური ტერიტორია მდინარე კოდორიდან მდინარე ფსირცხამდე,ფაქტობრივად, სრულად დაცარიელდა. [5] აფხაზთა მუჰაჯირობის მეორე ტალღის დასრულებიდან მალევე, 1880 წელს, აფხაზები რუსეთის იმპერიამ „დამნაშავე ხალხად“ გამოაცხადა და აუკრძალა მათ დასახლება სოხუმის მიდამოებში, მაღალმთიან ზონასა და ზღვის სანაპიროებთან. ეს სტატუსი აფხაზებს მხოლოდ 1907 წელს მოუხსნეს.[6]
აფხაზებისა და სხვა კავკასიელი ეთნოსების მსგავსად ამავე წლებში ათასობით ქართველი მუსლიმი, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემებიდან გამომდინარე, იძულებული გახდა აჭარიდან ოჯახებით აყრილიყო და ოსმალეთის იმპერიაში გადასულიყო საცხოვრებლად. ქართველი მუჰაჯირების ეს ნაწილი ხშირად “ჩვენებურების” სახელითაც მოიხსენიებიან.
წებელდელი აფხაზი
მუჰაჯირობა ეს არის არა უბრალოდ უბედური ეპიზოდი, არამედ უმძიმესი ეროვნული ტრაგედია, რამაც გამოიწვია აფხაზთა სწრაფი შემცირება საკუთარ სამშობლოში და აფხაზი ხალხი ფიზიკური განადგურების წინაშე დააყენა.
შალვა ინალ-იფა
მე -20 საუკუნის გამოჩენილი აფხაზი ისტორიკოსი და ეთნოგრაფი
მიუხედავად იმისა, რომ სამეცნიერო წყაროებში იმ პერიოდში აფხაზეთში მოსახლეობის სრული რაოდენობის თაობაზე ზუსტი ინფორმაცია არ იძებნება, ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, ოსმალეთის იმპერიაში გადასახლებულ იქნა აფხაზთა დიდი ნაწილი, რაც „ეთნიკური წმენდის“ ხასიათზე მიგვითითებს. მსგავსი ბედი განიცადეს სხვა კავკასიელმა ხალხებმაც (მაგ. უბიხებმა, ჩერქეზებმა და ა.შ). აღსანიშნავია, რომ რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზების მასობრივი გადასახლება ოსმალეთის იმპერიაში საქართველოს მიერ 2011 წელს გენოციდად იქნა აღიარებული და ანაკლიაში გაიხსნა ჩერქეზთა გენოციდის მემორიალი. ჩერქეზთა გენოციდი 2025 წელს ასევე აღიარებულ იქნა უკრაინის მიერ.

ანაკლია, ჩერქეზთა გენოციდის მემორიალი

მუჰაჯირობა - ჩანახატი
აფხაზთა და ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა მასობრივი გადასახლებით რუსეთის იმპერია თავიდან იშორებდა ურჩ ეთნიკურ ჯგუფებს, რითაც პოტენციური აჯანყების პრევენციასაც ახდენდა. შედეგად, ცარისტული რეჟიმი იმედოვნებდა, რომ მათი გადასახლების შემდეგ ამ მხარეში მშვიდობა დამყარდებოდა, გათავისუფლებულ მიწებს კი კოლონიზაციისათვის გამოიყენებდა და იმპერიის ერთგულ ხალხს დაასახლებდა. [7]
აღნიშნული პროცესი რუსეთის იმპერიის მხრიდან ფინანსურად იყო მხარდაჭერილი და გარკვეული სოციალური გარანტიების უზრუნველყოფას გულისხმობდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, სხვადასხვა ფაქტორების, ძირითადად კლიმატური პირობების (მათ შორის, ჭაობების გამო გავრცელებული მალარიის) გამო, მათ ვერ მოიკიდეს ფეხი აფხაზეთის ტერიტორიაზე. მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენდა აგრეთვე ის ფაქტორი, რომ აფხაზეთს ფაქტობრივად არ ჰქონდა სატრანსპორტო კავშირი სამხრეთ რუსეთის ეკონომიკურ ცენტრებთან, რაც რუსი ახალ მოსახლეებისთვის არახელსაყრელ გარემოებას წარმოადგენდა.
აღსანიშნავია, რომ აფხაზეთში ქართველების (უპირველეს ყოვლისა, მეგრელების) მიგრაცია რუსეთის იმპერიის მხრიდან მხარდაჭერილი არ ყოფილა და მეტიც, მთელი რიგი შეზღუდვებით ხასიათდებოდა. [8]
თავის მხრივ, ოსმალეთის იმპერიაც დაინტერესებული იყო მთიელების ოსმალეთის იმპერიაში გადასახლებით და იმთავითვე ხედავდა ათიათასობით ადამიანის მიგრაციის მნიშვნელობას იმპერიის განვითარებაში, რამდენადაც მათ სტრატეგიულ მიზანს მუჰაჯირების ცარიელ მიწებზე დასახლება, აგრეთვე მათი სახით გამრჯე სამუშაო ძალისა და მამაცი მეომრების შეძენა წარმოადგენდა. [9]
პეტრე გრუზინსკი - მთიელები ტოვებენ აულებს რუსი სამხედროების მოახლოებისას
არსებობს მხოლოდ ერთი რადიკალური საშუალება სოხუმის განყოფილების მხრიდან ყოველგვარი საშიშროების აღმოსაფხვრელად, ესაა აფხაზეთის მოსახლეობის ოსმალეთში გადასახლება.

ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის დ. სვიატოპოლკ-მირსკის 1866 წლის 27 ოქტომბრის მიმართვა კავკასიის მთიელთა სამმართველოს უფროსის დ. სტაროსელსკისადმი.

რუსეთის იმპერიის ეთნოწმენდის პოლიტიკას ხელი შეუწყო მთელმა რიგმა პოლიტიკურმა, ეკონომიკურმა, სოციალურმა და რელიგიურმა ფაქტორებმა.
აფხაზების გადასახლების პროცესს წინ უძღოდა სხვადასხვა ჩრდილო კავკასიელი ეთნიკური ჯგუფების მასობრივი გადასახლება, რამაც გარკვეული გავლენა იქონია აფხაზების მუჰაჯირობაზე, რამდენადაც მათში აჩენდა მოტივაციას, რომ მიებაძათ ერთმორწმუნე მთიელებისათვის და გადასულიყვნენ საცხოვრებლად ოსმალეთის იმპერიაში. გადასახლების პროცესში მნიშვნელოვანი იყო ოსმალეთის იმპერიის ემისრებისა და სოციალურად დაწინაურებული ფენის ზეგავლენა, აგრეთვე რელიგიური ფაქტორი. მუსლიმი სასულიერო ლიდერები მთიელებს აშინებდნენ, რომ რუსები მათ რელიგიურ გრძნობებს შელახავდნენ, ძალით გააქრისტიანებდნენ და ახალგაზრდებს ჯარში გაიწვევდნენ. [10]
მუჰაჯირობის მიზეზებზე საუბრისას აგრეთვე უნდა აღინიშნოს, რომ აფხაზი მემამულეები უარყოფითად შეხვდნენ საგლეხო რეფორმას, რამდენადაც რეფორმა საფრთხეს უქმნიდა მათ ქონებასა და პრივილეგიებს. აღნიშნული მიზეზით, იმის გათვალისწინებით, რომ ოსმალეთის იმპერია მათ პრივილეგიების შენარჩუნებას ჰპირდებოდა, მათმა მნიშვნელოვანმა ნაწილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გადასახლებულიყვნენ ოსმალეთის იმპერიაში და წაეყვანათ მათზე დამოკიდებული გლეხობაც. გლეხების არჩევანი მნიშვნელოვნად იყო შეზღუდული რამდენადაც, აფხაზური საზოგადოებრივი წყობა და ტრადიციული ურთიერთობები აიძულებდა მათ, რომ სურვილის მიუხედავად წაჰყოლოდნენ თავიანთ მემამულეებს. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ აფხაზთა გადასახლება ძირითადად ძალდატანებით ხასიათს ატარებდა, რაც საარქივო დოკუმენტაციითა და იმდროინდელი პრესით დასტურდება. [11]
წებელდელები, დალელები და გუფუელები წავიდნენ. აბჟუის მაზრიდანაც მრავალი წავიდა. ჭილოულელები და ჯგერდელები გამორეკეს თავიანთ ბინიდამ. მათ საშინელი გულით არ უნდათ წასვლა. სოხუმში წავიდნენ შესახვეწნათ, მაგრამ ჯერ არ ვიცით რა გამოუდნებათ. ამბობენ ვინც წავიდნენ იმათაც უნდოდათო დარჩენა და დამორჩილება ყველანაირი ბრძანებისა, მაგრამ რაკი ხელი მოუწერეს, მერმე აღარ დაუჯერეს...
წარმოსადგენათაც ადვილი არ არის რანაირ მდგომარეობაში იყვნენ აფხაზები წასვლის დროს. ამბობენ, როდესაც ისინი თავიანთ ბინიდგან გამოდენესო, მრავალმა მოხუცებულმა კაცებმა და ქალებმა თავის თავი თუ ხეს, თუ კედელს მიატეხესო... ერთი ტირილი და ქვითქვითი არის.[12]
გაზეთი დროება, 1967, №23.

გადასახლების სირთულეებით სავსე გზა

ათობით ათასი ადამიანის გადასახლების პროცესი მნიშვნელოვან სირთულეებთან იყო დაკავშირებული როგორც ფიზიკურ, ისე ემოციურ დონეზე. მუჰაჯირობის ამ სირთულეებსა და ტრაგედიებზე არაერთი მოგონება არსებობს, როგორც ზეპირსიტყვიერად, ისე იმდროინდელ თუ უფრო გვიანდელ პრესაში. აფხაზი მუჰაჯირები ოსმალეთის იმპერიისკენ ძირითადად გემებით მიემგზავრებოდნენ და ყველაზე დიდი ტრაგედიები სწორედ საზღვაო მგზავრობას უკავშირდება. გარდა იმისა, რომ მათ უდიდეს ნაწილს გზაში შიმშილობა და ავადმყოფობა ეწეოდა, ოსმალეთის იმპერიის ჯარისკაცები ფიზიკურადაც უსწორდებოდნენ მათ, პირველ რიგში, დასუსტებულ და მათთვის პრობლემურ ადამიანებს, რომელთაც ხშირად პირდაპირ ზღვაშიც ყრიდნენ ოჯახის წევრების თვალწინ და სხვებსაც იმავე ბედის გაზიარებით ემუქრებოდნენ. [13]
ამავე გადმოცემების მიხედვით, არაერთი ადამიანი დაიღუპა არა მხოლოდ გემებზე, არამედ პატარა ნავებით მგზავრობის დროს, სადაც ასევე ხშირი იყო ხალხის ზღვაში გადაგდება გადაჭედილი ნავიდან და უბედური შემთხვევები. დიდ გამოწვევას წარმოადგენდა ასევე ეპიდემიები, რომელიც მარტივად და სწრაფად ვრცელდებოდა ხალხმრავალ გემებსა თუ ხმელეთით ოსმალეთისკენ მიმავალ მუჰაჯირთა რიგებში. [14]
ამ ტრაგიკული მოვლენების გამოძახილია ის, რომ გადასახლებისას ზღვაში დაღუპული თანამოძმეების ხსოვნის პატივსაცემად, დღემდე ბევრი მუჰაჯირი თავს არიდებს თევზის ჭამას.
კავკასიის ომებისა და მუჰაჯირობის მსხვერპლთა გახსენების დღეს, 21 მაისს, დაღუპულთა სახელების უკვდავსაყოფად მუჰაჯირების შთამომავლები შავ ზღვაში ყვავილების თაიგულებს უშვებენ. [15]

ცხოვრება გადასახლების შემდეგ


ოსმალეთის იმპერია გადასახლებულებს რელიგიური ნიშნით დევნილებად აცხადებდა. მიუხედავად იმისა, რომ იმპერია აქტიურად ეწეოდა მუჰაჯირობის პროპაგანდას და ჰპირდებოდა მათ მთელ რიგ სოციალურ გარანტიებს, გადასახლების შემდგომ ნაკლებად ზრუნავდა სოციალურ პირობების შექმნაზე. მუჰაჯირებს თავდაპირველად დროებით ბანაკებში ათავსებდნენ. ამ დასახლებებს “სიკვდილის ბანაკების” სახელი მალევე დაერქვათ, რადგან ბანაკებში როგორც შიმშილობის, ისე ეპიდემიების გამო ასობით ადამიანი იღუპებოდა. [16]

ოსმალეთის იმპერიამ სტრატეგიულად გაანაწილა მუჰაჯირები, ფიქრობდა რა რუსეთის იმპერიის მხრიდან შესაძლო თავდასხმის დროს მათ გამოყენებაზე, ისევე როგორც სტრატეგიული, მაგრამ ნაკლებად დასახლებული პროვინციების ათვისებაზე. აფხაზები და სხვა კავკასიელი ხალხები ოსმალეთის იმპერიაში სხვადასხვა რეგიონებში (მათ შორის, ბალკანეთში, სირიაში და ა.შ) დაასახლეს, თუმცა მათი დიდი ნაწილი მათთვის ჩვეულ და ნაცნობ კლიმატურ და გარემო პირობებში, შავი ზღვის პირას დასახლდა. მნიშვნელოვანი ნაწილი დასახლდა აგრეთვე ანატოლიაში. დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე აფხაზი მუჰაჯირები ძირითადად შემდეგ ქალაქებსა და პროვინციებში ცხოვრობდნენ : საქარია, ქოჯაელი, გოლჯუკი, ბილეჯიკი, დუზჯე, ბალიკესირი, ესკიშეჰირი, ბურსა, იზმირი, სამსუნი, სივასი, იოზგათი და, რა თქმა უნდა, სტამბოლი. ბალკანეთში დასახლებულ მუჰაჯირებს რუსეთ-თურქეთის 1877-1878 წლების ომის შემდეგ ისევ გადასახლება მოუწიათ, ამჯერად ბალკანეთიდან ანატოლიაში. [17]
ჩერქეზული ოჯახი ოსმალეთის იმპერიაში
ოსმალეთის იმპერიის ერთ-ერთ მიზანს მუჰაჯირების სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართვა წარმოადგენდა და როგორც აფხაზ, ისე სხვა კავკასიელ მუჰაჯირთა დიდი ნაწილი სწორედ სოფლის მეურნეობით დაკავდა ოსმალეთის მიწებზე გადასახლების შემდეგ. ენობრივი და კულტურული განსხვავებები მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა ადგილობრივ საზოგადოებასთან ინტეგრაციის თვალსაზრისით. თავისუფლების მოყვარული მთიელი ხალხისთვის იმპერიის შეზღუდვები რთული ასატანი იყო. აგრეთვე იყო გარკვეული უთანხმოებები ადგილობრივ საზოგადოებასთან, განსაკუთრებით გადასახლების პირველ წლებში. იმის გათვალისწინებით, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ყველა კავკასიელ მუჰაჯირს ხშირად ერთ კონტექსტში მოიაზრებდა, თითოეული კავკასიელის მიერ დანაშაულის ჩადენა (ძარცვა, ყაჩაღობა) უარყოფითად აისახებოდა კავკასიელების, მათ შორის, აფხაზების რეპუტაციაზე და აღვივებდა კავკასიელებთან დაკავშირებულ უარყოფით სტერეოტიპულ მოსაზრებებს. [18] დროთა განმავლობაში სტერეოტიპული შეხედულებები შეიცვალა, რასაც ხელს უწყობდა მუჰაჯირების მხრიდან სხვადასხვა სფეროში საქმიანობის დაწყება, თურქული ენისა და კულტურის შესწავლა და აქტიურ სამოქალაქო-პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა.
საგულისხმოა, რომ ოსმალეთის იმპერიამ მალევე დაიწყო ჩერქეზი და აფხაზი მუჰაჯირების სამხედრო სამსახურში აყვანა, რომელთაც შეძლეს იმპერიის და შემდგომ პერიოდში მნიშვნელოვანი სამხედრო პოსტების დაკავება. აღსანიშნავია, რომ სამხედრო სამსახურში მყოფი თუ სხვა ახალგაზრდა და აქტიური აფხაზები და ჩერქეზები ასევე აქტიურად უერთდებოდნენ “ახალგაზრდა თურქების” მოძრაობას. მათი ნაწილი აგრეთვე აქტიურად იყო ჩართული ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში და ქემალისტობითაც გამოირჩეოდა. ამის თვალსაჩინო მაგალითია მუსტაფა ქემალ ათათურქთან დაახლოებული ცნობილი სამხედრო პირი, ეთნიკურად აფხაზი ჰუსეინ რაუფ ორბაი (აფხაზურად რაუფ აშჰარუა), რომელიც 1922 წლიდან 1923 წლის აგვისტომდე თურქეთის პრემიერ მინისტრის პოსტს იკავებდა.[19]


მუსტაფა ქემალ ათათურქი და ჰუსეინ რაუფ ორბაი (აფხ. რაუფ აშჰარუა)

აფხაზი მუჰაჯირები თანამედროვე თურქეთში


სხვადასხვა წყაროების მიხედვით, დღეს თურქეთში მცხოვრები აფხაზი მუჰაჯირების შთამომავალთა რიცხვი 100,000-დან 500,000-ის ფარგლებში მერყეობს, თუმცა, დღესდღეობით მათი მხოლოდ მცირე ნაწილი თუ საუბრობს აფხაზურად (დაახლ. 45,000-50,000 ადამიანი). აფხაზები შედარებით მცირე რაოდენობით ცხოვრობენ აგრეთვე სირიაში.[20] ოსმალეთში გადასახლებული აფხაზები არაერთ პროვინციაში დასახლდნენ, თუმცა დღეს მათი გეოგრაფიული განაწილების სურათი შეცვლილია. დღესდღეობით აფხაზებით მჭიდროდ დასახლებულ ქალაქთა/პროვინციათა შორისაა საქარია, დუზჯე, სამსუნი და ბურსა.[21] საუკუნეზე მეტი გავიდა კავკასიელთა მუჰაჯირობიდან და, ცხადია, საზოგადოებაში ინტეგრაციის გამოწვევები დიდწილად შემსუბუქებულია. აფხაზი მუჰაჯირები კარგი ურთიერთობით გამოირჩევიან სხვადასხვა ხალხებთან, მათ შორის, ქართველებთან. თუმცა, აღსანიშნავია, რომ თურქეთის აფხაზ მუჰაჯირთა ოფიციალური გაერთიანებები აფხაზეთის სტატუსთან დაკავშირებით აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების ნარატივს იზიარებენ.[22]

ჩერქეზული (წითელი) და აფხაზურ/აბაზური* დასახლებები (ლურჯი) დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე. [23]

*აბაზები აფხაზების მონათესავე ჩრდილო-კავკასიური ეთნიკური ჯგუფია. კულტურული მსგავსების გამო ხშირად თურქეთში აფხაზები და აბაზები საერთო სოფლებში ცხოვრობენ და ხშირად ერთიან კონტექსტში არიან მოხსენიებულნი.

თურქეთის აფხაზური, ისევე როგორც ჩერქეზული და სხვა კავკასიური თემები მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგანან - სულ უფრო რთული ხდება მშობლიური ენის შენარჩუნება. ბევრი ახალგაზრდა მუჰაჯირი უკვე ძალიან ცუდად ან საერთოდ აღარ საუბრობს აფხაზურად, რაც კიდევ უფრო ამძიმებს სურათს. სწორედ ამიტომ, თურქეთში დაარსებული აფხაზური ორგანიზაციები, როგორიცაა მაგალითად სტამბოლის აფხაზური კულტურის საზოგადოება (İstanbul Abhaz Kültür Derneği) და აფხაზური საზოგადოებების ფედერაცია (Abhaz Dernekleri Federasyonu) მუდმივად ცდილობენ ენისა და კულტურის პოპულარიზაციას სხვადასხვა ღონისძიებებისა თუ ენის კურსების მეშვეობით. [24] მსგავსი ღონისძიებების ჩატარების ინიციატივები და ფინანსები ხშირად სოხუმიდანაც მოდის. ახალგაზრდებისთვის ასევე ეწყობა საზაფხულო ბანაკები და ექსკურსიები აფხაზეთში. აფხაზური ინტერესების ლობირების თვალსაზრისით აქტიურ ორგანიზაციას წარმოადგენს აგრეთვე კავკასიის აფხაზეთის სოლიდარობის კომიტეტი (Kafkas Abhazya Dayanışma Komitesi), რომელიც აფხაზეთში მიმდინარე შეიარაღებული მოქმედებების დროს, 1992 წელს, სტამბოლში დაარსდა და მთავარ მიზანს ომის პერიოდში აფხაზების დახმარება და მათი პოზიციების ლობირება წარმოადგენდა. კომიტეტმა მას შემდეგაც შეინარჩუნა აქტიური პოლიტიკური საქმიანობა და ძირითად მიზანს თურქეთისა და აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ურთიერთობების გაძლიერება და აფხაზების სოციო-კულტურული ცხოვრების ადგილობრივებისთვის გაცნობა წარმოადგენს.[25]
აფხაზ მუჰაჯირთა შთამომავლების ნაწილი მნიშვნელოვან პოლიტიკურ და სამხედრო თანამდებობებს იკავებენ და დაახლოებულები არიან თურქულ პოლიტიკურ წრეებთან. მათი გავლენიანი წარმომადგენლები, მაგალითად პარლამენტის ყოფილი და მოქმედი წევრები, (მაგ. ენგინ ოზკოჩი (Engin Özkoç), თალიჰ ოზჯანი (Talih Ozcan) და სხვები) თურქეთის რესპუბლიკის ოფიციალური საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის
მხარდამჭერი პოზიციის მიუხედავად, აქტიურად ცდილობენ ე.წ აფხაზეთის რესპუბლიკასა და თურქეთს შორის კავშირების გამყარებას, ხვდებიან დე-ფაქტო ხელისუფლების ოფიციალურ პირებს და ლობირებენ აფხაზურ ინტერესებს. [26]
აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის 2014 წლის არჩევნების დროს საარჩევნო უბანი გაიხსნა სტამბოლშიც, თუმცა სტამბოლის პოლიციამ ჩაშალა ე.წ საარჩევნო პროცესი. თურქეთის პარლამენტის ეთნიკურად აფხაზი წევრი ენგინ ოზკოჩი (Engin Özkoç) ცდილობს დაიცვას საარჩევნო ყუთი და არ გაატანოს სამართალდამცველებს. [27]

მუჰაჯირების აფხაზეთში რეპატრიაციის მცდელობები და მათი როლი აფხაზეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში


რუსეთის იმპერიის პერიოდში მძიმე პირობებში მცხოვრებ მუჰაჯირთა მხოლოდ მცირე ნაწილმა შეძლო ოსმალეთის იმპერიიდან უკან სამშობლოში დაბრუნება. დაბრუნებულთა ძირითადი ნაწილი ის მუჰაჯირები იყვნენ, რომლებიც 1877-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომების შემდგომ რუსეთის იმპერიის მიერ ახლად შემოერთებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდნენ. [28] საინტერესოა პირველი რესპუბლიკის პერიოდში აფხაზთა მუჰაჯირების მიმართვა საქართველოს ხელისუფლებისადმი. კერძოდ, საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულია დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც 1920 წლის 19 თებერვალს, აფხაზი მუჰაჯირების წარმომადგენლები, მარშანია და მარღანია მივიდნენ კონსტანტინოპოლში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიური მისიის თავმჯდომარესთან, გრიგოლ რცხილაძესთან, მიულოცეს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა და სთხოვეს, ეშუამდგომლა საქართველოს მთავრობასთან მუჰაჯირების აფხაზეთში დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით, რამდენადაც 150 000 აფხაზი გამოთქვამდა ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების სურვილს. [29]

კონსტანტინოპოლში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის გრიგოლ რცხილაძეს წერილი (წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი, ფონდი N1864 აღწერა N2, საქმე N296, ფურცელი 2-2ა)
კონსტანტინოპოლში საქართველოს რესპუბლიკის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის გრიგოლ რცხილაძის წერილი [30]
საბჭოთა კავშირის პერიოდში, მაშინ როდესაც საზღვრები მკაცრად იყო ჩაკეტილი და მიგრაცია მნიშვნელოვნად იყო გართულებული, მუჰაჯირების შთამომავლების აფხაზეთში დაბრუნების საკითხი პოლიტიკურ დონეზე არ დამდგარა, თუმცა ე.წ გარდაქმნის („პერესტროიკის“) პერიოდში იყო მათი აფხაზეთში დაბრუნების გარკვეული მცდელობები. [31] მუჰაჯირების შთამომავლების დაბრუნების საკითხი გააქტიურდა აფხაზეთში შეიარაღებული მოქმედებების დროს. კერძოდ, 1993 წლის მარტში სეპარატისტულმა ე.წ ხელისუფლებამ შექმნა რეპატრიაციის კომიტეტი, რომლის მიზანსაც დიასპორიდან ომის წარმოებისთვის საჭირო ადამიანური და მატერიალური რესურსის მოზიდვა წარმოადგენდა. ამ პერიოდში რამდენიმე ათეულმა ადამიანმა დატოვა თურქეთი და გაემგზავრა აფხაზეთში საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად. აფხაზეთში საომარი მოქმედებების დასრულებისა და ქართველებისა და სხვა ეთნიკური ჯგუფების საკუთარი საცხოვრებელი ადგილიდან გამოდევნის შემდგომ, აფხაზური დე-ფაქტო ხელისუფლების ერთ-ერთ ამოცანა მუჰაჯირებთან კონტაქტების დამყარება და მათი რეპატრიაცია ანუ აფხაზეთში დაბრუნება გახდა. ნებისმიერ ეთნიკურ აფხაზს, რომელიც საცხოვრებლად აფხაზეთში გადავიდოდა ავტომატურად ენიჭებოდა ე.წ „მოქალაქეობა“. [32] რეპატრიაციის პროცესის დაფინანსების მიზნით შეიქმნა ფონდი, რომელიც ფინანსდება ადამიანების მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადის 2 პროცენტით. ფონდი უზრუნველყოფს რეპატრიანტებისთვის საცხოვრებელსა და სხვა სოციალურ საჭიროებებს. რეპატრიანტები აგრეთვე სარგებლობენ საგადასახადო და სოციალური შეღავათებით. საკითხის პრიორიტეტულობაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ 2018 წელს კომიტეტი გადაკეთდა ე.წ სამინისტროდ, რომელიც რეპატრიაციის პროცესზე არის პასუხისმგებელი.
აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების პოლიტიკა მუჰაჯირების შთამომავლების დაბრუნებასთან დაკავშირებით რამდენიმე მიზანს ემსახურება. უპირველეს ყოვლისა, დღეს, მათი აღქმით, არ გამქრალა აფხაზური ეთნოსის გაქრობის საფრთხე და აუცილებელია, რომ გაიზარდოს ეთნიკურ აფხაზთა რიცხვი აფხაზეთის ტერიტორიაზე. მუჰაჯირების შთამომავლების დაბრუნების ერთ-ერთი მიზანი აგრეთვე ისტორიული სამართლიანობის აღდგენა და მათთვის ისტორიულ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების შესაძლებლობის მიცემაა. ამასთანავე, მათი რეპატრიაცია მიზნად ისახავს ადამიანური რესურსის, კაპიტალის, ცოდნისა და ტექნოლოგიების მოზიდვას აფხაზეთში. რეპატრიაციის საკითხებში აფხაზეთის ყოფილი დე-ფაქტო მინისტრის, ბესლან დბარის აზრით, საჭიროა ჩამოაყალიბონ იდეოლოგია, რომლის მიხედვითაც აფხაზეთის სახელმწიფოს მშენებლობა შეუძლებელია მუჰაჯირების შთამომავლების დაბრუნების გარეშე. [33]
მუჰაჯირების შთამომავლების დაბრუნების „ხელშემწყობი“ ფაქტორი აღმოჩნდა სირიის სამოქალაქო ომი და სირიაში არსებული მძიმე მდგომარეობა, რის შედეგადაც რამდენიმე ასეული ადამიანი გადავიდა საცხოვრებლად აფხაზეთში.[34]
აფხაზეთის ე.წ ყოფილი პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი სირიელ რეპატრიანტებთან ერთად
რეპატრიაციის პროგრამა, შეიძლება ითქვას, რომ არც თუ წარმატებით ხორციელდება, რამდენადაც დაბრუნების სურვილი იმაზე ნაკლებმა ადამიანმა გამოთქვა, ვიდრე აფხაზები იმედოვნებდნენ. ამასთან, აფხაზეთში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ მათმა ნაწილმა აფხაზეთი დატოვა. 2018 წელს რეპატრიაციის მინისტრი აღნიშნავდა, რომ 25 წლის განმავლობაში აფხაზეთის ე.წ მოქალაქეობა მიიღო 10 ათასზე მეტმა ადამიანმა, ხოლო აფხაზეთში მათგან პერმანენტულად ცხოვრობდა 4.5-5 ათასი ადამიანი. აფხაზეთში მუდმივად მცხოვრები ადამიანების რიცხვი ეჭვქვეშ არის დაყენებული სხვადასხვა წყაროებში და სავარაუდოა, რომ რეალური რიცხვი ბევრად ნაკლებია, ვინაიდან გავრცელებული ფაქტებით, იმ პირთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა, რომლებმაც მიიღეს მოქალაქეობა ან საცხოვრებელი ფართი, დატოვეს აფხაზეთი და საცხოვრებლად უკან დაბრუნდნენ ან რუსეთში ან ევროპის ქვეყნებში გაემგზავრნენ. ზემოაღნიშნულს, გარკვეულწილად განაპირობებს ის ფაქტორი, რომ ხშირია მუჰაჯირების შთამომავალთა მხრიდან აფხაზეთში დაბრუნების გაიდეალიზება, რაც შემდგომ იმედგაცრუებას უწყობს ხელს.
პროგრამის წარუმატებლობა მთელი რიგი ფაქტორებით არის განპირობებული. მუჰაჯირების შთამომავლები ძირითადად გარკვეულ ენაზე ფლობენ აფხაზურ ენას, თუმცა, როგორც წესი, არ იციან რუსული ენა. იმის გათვალისწინებით, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე „lingua franca” რუსულია და ადმინისტრაციული წარმოებაც რუსულად მიმდინარეობს, რუსული ენის არცოდნა სერიოზულ გამოწვევებს ქმნის და ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის საზოგადოებაში სრულფასოვან ინტეგრაციას.[35]
მნიშვნელოვანი ფაქტორია ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა. მუჰაჯირების შთამომავლები ძირითადად თურქეთში ცხოვრობენ და აფხაზეთში დაბრუნება მათთვის ნიშნავს განვითარებული სახელმწიფოდან არაღიარებულ, არასტაბილურ, რთული ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის მქონე ტერიტორიაზე საცხოვრებლად გადასვლას, განსაკუთრებით იმ პირობებში, რომ აფხაზეთში პრობლემურია ისეთ საბაზისო საჭიროებებზე წვდომა, როგორიცაა ელექტროენერგია. [36]
პრობლემურია აგრეთვე საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი. ფონდში არსებული რესურსები არ არის საკმარისი რომ სრულად და დროულად იქნეს დაკმაყოფილებული რეპატრიაციის თითოეული მსურველი ახალი საცხოვრებლით. [37] ამასთან, რიგ შემთხვევებში რეპატრიანტები გამოხატავენ უკმაყოფილებას საცხოვრებელი ადგილისა და პირობების თაობაზე. [38]
რეპატრიაციის პროცესის შემაფერხებელ გარემოებად ითვლება აგრეთვე პირდაპირი სატრანსპორტო კავშირების არარსებობა და არსებული შესაძლებლობების სიძვირე. მიიჩნევა, რომ რეპატრიაციის პროცესის უფრო დიდი მასშტაბების მიღწევა შეუძლებელია, თუ უფრო მეტმა ეთნიკურად აფხაზმა დიასპორის წარმომადგენელმა არ მოინახულა აფხაზეთი, რადგან რეპატრიაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება არარეალისტურია იმ პირობებში, როდესაც პირს არ უნახავს ადგილზე არსებული მდგომარეობა. [39]
რეპატრიაციის პროგრამისა და გამოყოფილი დაფინანსების შესახებ ადგილობრივი საზოგადოების დამოკიდებულება არაერთგვაროვანია. რთული ეკონომიკური და სოციალური პირობებიდან, მათ შორის, საბინაო კრიზისიდან გამომდინარე, საზოგადოების ნაწილს კრიტიკული დამოკიდებულება აქვს რეპატრიანტებისთვის საცხოვრებლისა და ცხოვრების ხარჯების დაფინანსების საკითხზე, რამდენადაც ისინი მიიჩნევენ, რომ აღნიშნული დახმარების ბენეფიციარი ადგილობრივი საზოგადოებაც უნდა იყოს, მათ შორის, მრავალშვილიანი ოჯახები და ახალგაზრდა წყვილები, რომელთა დახმარება და ხელშეწყობა დადებითად აისახება აფხაზეთის დემოგრაფიულ მდგომარეობაზე.[40]

რუსული ფაქტორი რეპატრიაციისა და მუჰაჯირობის აღნიშვნის კონტექსტში


მუჰაჯირების შთამომავლების დაბრუნების კონტექსტში მნიშვნელოვანი ასპექტია რუსეთის უარყოფითი როლი და რუსული ინტერესები, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის აფხაზების მიერ დასახულ ინტერესებთან. მუჰაჯირების შთამომავლები ძირითადად თურქეთის ტერიტორიაზე ცხოვრობენ და თურქეთის მოქალაქეები არიან. მათი აფხაზეთში დასახლება კი თავისთავად ნიშნავს გარკვეულწილად თურქული გავლენების ზრდას, რამდენადაც თითოეული რეპატრიანტი ინარჩუნებს სოციალურ თუ ეკონომიკურ კავშირებს თურქეთთან და იქ მცხოვრებ ადამიანებთან. შესაბამისად, კრემლისთვის თურქეთის მოქალაქეების ჩასახლება აფხაზეთის ტერიტორიაზე არასასურველია და მიუხედავად იმისა, რომ ღიად ნაკლებად გამოხატავენ უარყოფით დამოკიდებულებას რეპატრიაციის პროგრამის მიმართ, თავად მხარს ნაკლებად უჭერენ აღნიშნულ პროგრამებს.

აგრეთვე აღსანიშნავია პერიოდულად რუსი საზოგადოების ნაწილის უარყოფითი დამოკიდებულება აფხაზების მიერ გამართულ მუჰაჯირობისადმი მიძღვნილი ღონისძიებების მიმართ, რომელიც, რიგ შემთხვევებში, ანტირუსულ მოვლენად აღიქმება. [41] აფხაზები ცდილობენ ნაკლებად გამოხატონ ანტაგონისტური დამოკიდებულება რუსეთის იმპერიისა და თანამედროვე რუსეთის მიმართ, რათა მუჰაჯირობისადმი მიძღვნილი ღონისძიებები არ იქნეს აღქმული ანტირუსულ ღონისძიებებად. აფხაზური ისტორიოგრაფიაც ძალიან ფრთხილია კავკასიის ომებისა და მუჰაჯირობის პროცესის განხილვისას და მაქსიმალურად ცდილობს, რომ მე-19 საუკუნეში მომხდარ მოვლენებს არ მისცეს იმგვარი ინტერპრეტაცია, რაც უარყოფითად იქნება აღქმული რუსული საზოგადოებრივი და პოლიტიკური წრეების მიერ. აღსანიშნავია რუსეთის დუმის დეპუტატის კონსტანტინე ზატულინის კრიტიკა ცნობილი აფხაზი ისტორიკოსისა და პოლიტიკოსის, სტანისლავ ლაკობას მიმართ. [42] კრიტიკის მიზეზს წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ ლაკობამ „აფხაზეთის ისტორიის“ სასკოლო სახელმძღვანელოში დაწერა, რომ მე-19 საუკუნეში არ მომხდარა აფხაზეთის სამთავროს „ნებაყოფლობითი შეერთება რუსეთთან. ამასთან სახელმძღვანელოში რუსეთის იმპერიის პოლიტიკა მკვეთრად უარყოფითად იყო წარმოჩენილი.[43]
კონსტანტინ ზატულინი : „სტანისლავ ლაკობა რუსეთისა და აფხაზეთის ერთობლივ ისტორიას რუსული ბატონობის ბნელ პერიოდად განმარტავს... რაზე დაყრდნობით აცხადებთ, რომ აფხაზი მთავარი მიხეილ შერვაშიძე ვორონეჟში გადასახლების შემდეგ მოწამლეს? ეს ნამდვილად არ შეესაბამება რუსეთის საიმპერატორო სახლის ტრადიციებს."[44]

კონსტანტინ ზატულინი
რუსეთის დუმის დეპუტატი
მუჰაჯირობის ტრაგედია საერთო ისტორიული ტრავმაა, რომელიც კავკასიელ ხალხებს აერთიანებს. ასობით ათასი ადამიანის გადასახლება აფხაზებსა და სხვა კავკასიელ ეთნოსებს ყოველთვის შეახსენებს რუსეთის იმპერიალისტურ პოლიტიკას, რომელიც კავკასიელი ხალხების დამორჩილებისკენ და მათი ასიმილაციისკენ იყო და არის მიმართული. მნიშვნელოვანია ქართულმა საზოგადოებამ იცოდეს მუჰაჯირობის ისტორია, მე-19 საუკუნეში რუსეთის იმპერიაში მიმდინარე პროცესები და გააანალიზოს ქართველებისა და აფხაზების საერთო წარსული, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს აფხაზებთან ერთად საერთო მომავლის მშენებლობის პროცესს.
*ბლოგი მომზადდა ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის - მე-16 ელემენტის მხარდაჭერით. აღნიშნულ ბლოგში გამოთქმული შეხედულებები ეკუთვნის ავტორებს და შესაძლოა არ ემთხვეოდეს რედაქციის, დონორებისა და პარტნიორი ორგანიზაციების მოსაზრებებს.
[1] გიორგი ანჩაბაძე, ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ურთიერთობები უძველესი დროიდან 1918 წლამდე, კავკასიური სახლი, აფხაზურ-ქართული და ოსურ-ქართული ურთიერთობები წარსულსა და თანამედროვეობაში, 2021, 83.
[2] Aslan Aguajba, Türkiye’de Abazalar, 2016, https://cerkesfed.org/arastirma/turkiyede-abazalar/
[3] Walter Richmond, Circassian Genocide, Rutgers University Press, 2011, 2.
[4] Stanislav Lakoba, History: 18th century-1917, George Hewitt (რედ.) The Abkhazians : A Handbook, 1998, 83.
[5] Arsène Saparov, From Conflict to Autonomy in the Caucasus, Central Asian Studies Series 29, 2015, 26.
[6] ანჩაბაძე (1), 85.
[7] ანჩაბაძე (1), 84.
[8] Safarov (4), 27.
[9] ბეჟან ხორავა, აფხაზთა 1967 წლის მუჰაჯირობა, არტანუჯი, 2004, 35.
[10] ibid, 35.
[11] ibid, 46.
[12] გაზეთი დროება, 1967, №23.
[13] ოთარ ჯანელიძე, The Muhajir Movement in the Caucasus, Georgian Foundation for Strategic and International Studies, 7.
https://gfsis.org.ge/files/library/pdf/English-2881.pdf.
[14] მალხაზ ჩოხარაძე, მარიამ ჩოხარაძე, აფხაზთა მუჰაჯირობა და ზღვით მგზავრობის ნარატივები ზეპირ ისტორიებსა და მხატვრულ ლიტერატურაში, ბათუმი, 2022, 298.
[15] IWPR, Legacy of the Muhajirs , https://iwpr.net/global-voices/legacy-muhajirs.
[16] მალხაზ ჩოხარაძე, მუჰაჯირობის მოკლე ისტორია, https://www.gurcu.org/ge/Article/Muhacirligin-Kisa-Tarihi---Malkhaz-Cokharadze/3181.
[17] Murat Topçu, Yasemin Oral, Circassians and Abkhaz-Abazas in metropolitan areas: The case of Istanbul and Ankara, 2024, 4.
[18] Gudisa Vardania, The Caucasian Diaspora - Abkhaz and Adighes: Episodes from the past, 2013, https://abkhazworld.com/aw/history/614-the-caucasian-diaspora-abkhaz-and-adighes-episodes-from-the-past.
[19] Ryan Gingeras, The Sons of Two Fatherlands: Turkey and the North Caucasian Diaspora, 1914-1923, European journal of Turkish studies 37, 2023, 6.
[20] გელა ცაავა, აფხაზურ-ჩერქეზული დიასპორა თურქეთში, სირიაში, იორდანიასა და რუსეთის ფედერაციაში, 2022, 382, https://journals.sou.edu.ge/index.php/sou/article/view/145/151.
[21] ზაზა წურწუმია, თურქეთელი ქართველები, ლაზები და აფხაზები დღეს, 2016. https://www.chveneburi.net/ka/turketeli-kartvelebi-lazebi-da-apkhazebi-dxes-makale%2C31.html.
[22] ალექსანდრე კვახაძე, ურთიერთობები თურქეთის ეთნიკურ კავკასიურ დიასპორაში საქარიასა და ქოჯაელის პროვინციებში, თბილისი, 2019, გვ. 6-8, https://gfsis.org.ge/files/library/opinion-papers/119-expert-opinion-geo.pdf.
[23] Topçu, Oral (17), 8.
[24] İstanbul Abhaz Kültür Derneği, https://www.abhazdernegi.org/sayfa.php?id=4; Abhaz Dernekleri Federasyonu, https://abhazfederasyonu.org/federasyonumuz-neden-var/847/.
[25] Kafkas-Abhazya Dayanışma Komitesi, http://abhazya.org/wp/?page_id=306.
[26] Abkhaz World, Former Abkhaz People's Assembly Deputy Elected to TurkishParliament, 2023, https://abkhazworld.com/aw/current-affairs/2357-former-abkhaz-people-s-assembly-deputy-elected-to-turkish-parliament?utm_source=chatgpt.com.
[27] Aljazeera Turk, Abhazlar sandık başında, 2014, https://www.aljazeera.com.tr/haber/abhazlar-sandik-basinda.
[28] Daniel Müller, Ethno-demographic history of Abkhazia, 1886 – 1989, George Hewitt (რედ.) The Abkhazians: A Handbook, 1998, 221.
[29] ანტონ ვაჭარაძე, გიორგი კლდიაშვილი, აფხაზთა მუჰაჯირობა, 2022, https://historyproject.ge/ge/archivememoryresearch/article/470/?cat_id=40.
[30] საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი, ფონდი N1864 აღწერა N2, საქმე N296, ფურცელი 2-2ა.
[31] Вячеслав Чирикба, Репатриация соотечественников в Республику Абхазия и ее перспективы, 2023, https://www.csi.apsny.land/ap/component/k2/item/375-v-a-chirikba-repatriatsiya-sootechestvennikov-v-respubliku-abkhaziya-i-ee-perspektivy.
[32] Gehad Abaza, On becoming citizens of the ‘non-existent’: document production and Syrian-Circassian wartime migration to Abkhazia, Citizenship Studies, 2024, 2.
[33] Виталий Шария, Репатриация в Абхазии: четверть века спустя, 2019, https://www.ekhokavkaza.com/a/29781417.html.
[34] Natia Kuprashvili, Nizfa Arshba, Abkhazia Takes in Ethnic Kin From Syria, 2013, https://iwpr.net/global-voices/abkhazia-takes-ethnic-kin-syria.
[35] Дарья Папба, Чужие среди своих, 2018, https://www.ekhokavkaza.com/a/29667711.html
[36] Чирикба (31).
[37] Abkhaz World, Alexander Ankvab holds meeting on repatriation, 2014, https://abkhazworld.com/aw/current-affairs/1186-alexander-ankvab-holds-meeting-on-repatriation.
[38] Abkhaz World, The state does its best for settling all those who repatriated, 2013,
https://abkhazworld.com/aw/current-affairs/1081-the-state-does-its-best-for-settling-all-those-who-repatriated.
[39] Шария (33).
[40] Asta Ardzinba, Repatriation in Abkhazia: myths, expectations and reality, 2019, https://jam-news.net/repatriation-in-abkhazia-myths-expectations-and-reality/.
[41] Виталий Шария, Антироссийская акция или история одного фейка?, 2021, https://www.ekhokavkaza.com/a/31301266.html.
[42] Виталий Шария, О чем поспорили Константин Затулин и Станислав Лакоба?, 2010, https://www.ekhokavkaza.com/a/2202002.html.
[43] შეად. Lakoba (4), 74.
[44] Антон Кривенюк, Константин Затулин: Лакоба интерпретирует совместную историю России и Абхазии как мрачный период российского засилья, 2010, https://materik.ru/analitika/k-zatulin-lakoba-interpretiruet-sovmestnuyu-istoriyu-rossii-i-abhazii-kak-mrachnyy-period-rossiyskogo-zasilya/.
Made on
Tilda